კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სექტორი მზადაა, დატვირთვას გაუძლოს.
თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოში მოსალოდნელია „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა და მოსალოდნელია, რომ კლინიკურ სექტორზე გაიზრდება დატვირთვა, სწორედ ამიტომ, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მესამე „ბუსტერ“ დოზით აიცრან.
„სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება. მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, რომ აქაც გავრცელდება. საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ. ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დატვირთვა კლინიკურ სექტორზე გაიზრდება. თუ აქამდე, პიკის პერიოდში 5-6 ათასი ფიქსირდებოდა, ამ ბოლო დროს დაიკლო და 3 ათასის ფარგლებშია, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად, გაიზარდოს დაწოლა კლინიკურ სექტორზე. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.
მან მოსახლეობას მოუწოდა, უმოკლეს დროში ჩაიტარონ ვაქცინაცია.
„პირბადეების გამოყენება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. 28-30% ძალიან ცოტაა. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს „ომიკრონისგანაც“. ვიდრე მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, რასაც დასჭირდება 2-3 თვე, პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.
„რაც შეეხება მკურნალობას, აქ უფრო კარგი ინფორმაცია გვაქვს, დღეს არსებული მედიკამენტები, პრაქტიკულად, ყველა მოქმედებს „ომიკრონის“ შტამზეც. ჩვენ ძალიან კარგად მომზადებულები შევხვდით ამ ყველაზე მძიმე ტალღას საქართველოში და ასევე მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი, ყველა ეფექტიანია ამ შტამის წინააღმდეგაც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაფიქსირდა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.