საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე იყო დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა.
მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურორის თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.
„დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა. ვიდრე ეს პროცესი განხორციელდებოდა, ბუნებრივია, ჩვენ მოწმესთან, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ეს იყო 18 დეკემბერს.
მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, - აცხადებს მიხეილ სადრაძე.
თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში 20 დეკემბერს დანიშნულ გამოკითხვაზე.
ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.