კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი და ვრცელდება უკვე ვაქცინირებულ ადამიანებში ან მათში, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ამისთვის უკვე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
„თანმიმდევრული მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. უფრო სავარაუდოა, რომ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები დაინფიცირდნენ ან ხელახლა დაინფიცირდნენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.