პაატა იმნაძე ორ კვირაში კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირებას პროგნოზირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს საგრძნობლად იკლო Сovid-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა და იმედი აქვს, რომ ორ კვირაშე ახალი შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება.

მისი თქმით, ის, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირე შემთხვევები გამოვლინდა, ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს.

„ეს კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას რა იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, მოვახერხეთ ინფექციის აღმასვლის გაჩერება, რაც ნამდვილად სახეზეა, მაგრამ როდის დაიწყება დაღმასვლა, ამაზე ჯერ ლაპარაკი ცოტა ადრეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ისევ და ისევ მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ პირბადეების მოხმარება, რეკომენდაციების დაცვა და ხალხმრავალი შეკრებისგან თავის არიდება.ძალიან ძნელია ზუსტი თარიღების დასახელება, მაგრამ იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი უნდა იყოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „პირველ არხთან“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 2720 შემთხვევა გამოვლინდა , გარდაცვლილია 46 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დღეს კიდევ 3942 ადამიანი შეემატა.

საერთო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1790 მიაღწია.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 158 183. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6869 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1010, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3077.

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 189 726 ადამიანი დაინფიცირდა.