პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ რამდენიმე დღის წინ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესში, დღეს, 21 დეკემბერს შეხვდა პარლამენტის ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ზოგადად, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს და ეს უნდა შეჩერდეს.
დეკანოიძის ინფორმაციით, შეხვედრისას არ უხსენებიათ სიტყვა შერიგება ან შეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმება თამაშის წესებზე და იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის კედელი ქვეყნის განვითარებისთვის. ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტი აპირებს პარტიებთან შეხვედრები უფრო ფართო ფორმატით გააგრძელოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შეხვედრებზე თავისი წარმომადგენლები ეყოლება.