„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გააცნო.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია.

ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება და მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. სად? - ალბათ გაქვთ ეს შეკითხვა. არ მინდა და პრინციპულია ეს ჩემთვის, ბავშვები ნამდვილად გახდნენ ამ მიზანსცენის შემხედვარე. ახალი წელი მათთვის ჯადოსნურია და დავუტოვოთ მათ ეს სივრცე.

არ გვინდა, ხელი შევუშალოთ სალომე ზურაბიშვილს, განავითაროს ის პროცესი, რომელიც მან წამოიწყო. ჩვენ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ძალიან ბევრნი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა და ჩემი მხრიდანაც სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

თქვენთვისაც მოსმენა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის, რაც ყოველდღიურად ხდება, როცა ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ ქართველები და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს პოლარიზება, რომ მათზეც ვერ ვესაუბროთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, გარდა შეტევისა და გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ. აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

ნიკა მელიამ აღნიშნა, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.