მიხეილ სააკაშვილი: ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება

მიხეილ სააკაშვილის წერილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გააცნო.

„ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია და ამიტომაც, ახლა ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს“, - აცხადებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.

მისი შეფასებით, „ევროპული ინტეგრაცია ახლა საფრთხეშია“.

„ამიტომაც, ახლა, ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს. ამ შეგნებამ და ამ შეგრძნებამ გადამარჩინა ფიზიკურად და ბრძოლის მოტივაცია კიდევ უფრო გამიძლიერა გლდანის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც სიკვდილთან ისე ახლოს ვიყავი, როგორც არასდროს. ეს „ოცნება“ არასდროს გაქრება. შეიძლება, მე მომკლან, მაგრამ მას ვერავინ ვერ მოკლავს ქართველი ხალხის გულებსა და გონებაში. ჩვენ უკვე გავიგეთ წარმატების და მსოფლიო კლასის მოთამაშედ ყოფნის გემო, რაც ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ცდილობს, ეს წარმატების განცდა, რომელის გემოც დიდი ხნის განმავლობაში პირველად გავიგეთ, შხამად ამოგვადინოს. დღეს, ჩვენ დაგვიტოვეს მხოლოდ ორი არჩევანი - მონობა ან ამ ქვეყნიდან წასვლა. ჩვენ ამაზე ვპასუხობთ ერთი წინადადებით - ჩვენ არ ვართ მონები, მონები არ ვართ ჩვენ. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს შვილებს და მას საჯიჯგნად არავის დავუტოვებთ“, - წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, „დასავლური ოცნების აღსრულების მთავარი წინაპირობა მოქმედი რეჟიმის შეცვლაა და სხვაგვარად ეს მისწრაფება არათუ ვერ გახდება რეალობა, არამედ შეიძლება სამუდამოდ აუხდენელ ოცნებად დარჩეს“.

„დიახ, ამ რეჟიმის შეცვლა, კორუფციის დამარცხება, შერჩევითი და უსამართლო მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის დასრულება, რუსული გავლენის ზრდის კატასტროფული ტემპის შეჩერება და შემდეგ გაქრობა, რუსული იმპერიალიზმის ორბიტიდან სამუდამოდ მოწყვეტა და ევროპულ ორბიტაზე გადასვლა - ესაა ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი და ჩვენი ხალხის ისტორიული ოცნებაც“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, „ამ უმძიმესი ისტორიული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“: „ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, როგორც არასდროს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვიმოქმედოთ უშეცდომოდ, სწორად და რაციონალურად. უნდა დავდგეთ ჩვენ ლეგიტიმურ ბრაზზე მაღლა და ემოციებს არ მივცეთ შესაძლებლობა, გზა-კვალი აგვირიოს და ვერ დავაყენოთ შედეგი“.

„არც უფლება გვაქვს და ვერც ავიტანთ ამდენ ურთიერთზიზღს. შიდადაპირისპირებაზე ჩვენი ძალების დახარჯვა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მტერი ჩვენს კარებთანაა მომდგარი და ამ ურთიერთშუღლს ჩვენს წინააღმდეგ მთელი სისასტიკით და დიდი ოსტატობით იყენებს, უნებლიეთ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ. დღეს, მინდა გამოვაცხადო და მწამს და მჯერა, რომ დამეთანხმებით: ჩვენ აქ ვდგავართ და გვაერთიანებს არა შურისძიების წყურვილი, არამედ საერთო მიზანი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ ოჯახში, რომლის ბუნებრივი და ისტორიული წევრიცაა. დღეიდან ჩვენი ბრძოლა უნდა გახდეს უწყვეტი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჯერ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია და შემდეგ იმდენი, რამდენიც საჭიროა საბოლოო გამარჯვებისთვის და ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამოხსნისთვის ბოროტების იმპერიისა და მისი დამქაშებისგან.

არანაირი დაღლა, არანაირი ხელების ჩამოშვება. ჩვენი მოწინააღმდეგე იმდენად ძლიერია, რამდენადაც ჩვენში ხედავს სისუსტეს და როგორც კი დაინახავს იმ თავგანწირვას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მათ მიერ აშენებული კედელი გარდაუვლად ძალიან მალე ჩამოიშლება.

თუ გვინდა, ჩვენი ხალხი გამოგვყვეს, უნდა ვაჩვენოთ თავგანწირვა! თუ გვინდა, მსოფლიომ მხარი დაგვიჭიროს, უნდა ვაჩვენოთ ბრძოლა!

თუ გვინდა, ჩვენმა შვილთაშვილებმა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ჩვენით იამაყონ, გამარჯვება აუცილებლად და უპირობოდ უნდა მოვიპოვოთ!

მე ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან და ახლაც მზად ვარ, თავი შევწირო ჩემი თავი ქართველი ხალხის და ჩემს ოცნებას ევროპულ მომავალს. ჩემი სიცოცხლე, როგორც ფასეულობა, ვერაფრით შეედრება ამ ისტორიული მისიის შესრულებას. მისიის, რომელიც იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი მისწრაფება და ჩემი თქვენდამი დადებული მთავარი პირობა და ფიცი. ფიცი პრეზიდენტის და მძევლის, ლიდერის და თქვენი მსახურის, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი ქართველი პატრიოტის ფიცი.

თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას! ჩვენ უნდა ამოვაბრწყინოთ ჩვენი ქვეყნის ცისკრის ვარსკვლავი! მჯერა და მწამს თქვენი! აბა თქვენ იცით!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.