ვოლოდიმირ ზელენსკი: მიხეილ სააკაშვილის თაობაზე პირადად ვარ ჩართული საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად არის ჩართული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში და აქვს „პირადი ხაზი“ სააკაშვილთან ინფორმაციის გაცვლისთვის.

„გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს. ის კი ჩემგან - ინფორმაციას. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მის მეორე ნახევარსა და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება.

მე დავურეკე, ვთხოვე. გულწრფელად გეუბნებით, მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 21 დეკემბერს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ერთი საკითხი - უკრაინელი ექიმების ჩართვა სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით თბილისთან მოლაპარაკება ვერ შეძლო.

„მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება, მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი შეიკავა.

უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.