შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

შს სამინისტროს ინოფორმაციით, 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 - ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 - აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1-ც - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში.

კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.

შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.