"თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი ყველაფრისთვისაა მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტს არ სურს, რომ შერიგების პროცესი აღქმული იყოს როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად.
"პრეზიდენტი ამ პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით, ან დამოკიდებულებებით კონკრეტული საკითხების მიმართ. მას სურს, რომ მოუსმინოს საზოგადოების ფართო ფენებს და მათგან მიიღოს იდეები, როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა. პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს პროცესი იყოს აღქმული, როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად. ის ამ პროცესს უყურებს უფრო ფართოდ, თუმცა თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონკრეტულად მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მოქმედ პრეზიდენტთან არ უსაუბრია და არ სურს, რომ ეს პროცესი "თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე დაავიწროვოს”
"არ ვადასტურებ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვისაუბრეთ, თუმცა ვახსენე ეს და სხვა საქმეები, სადაც ჩანს პოლიტიკური მოტივაცია. მაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის და დამოუკიდებელი სასამართლოს შედეგად პოლიტიკურად მიმდინარე დევნები დასრულდება. არ მინდა, რომ დავავიწროვო ეს პროცესი თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე, ეს არის უფრო სერიოზული პროცესი, რომელიც უნდა შეეხოს საზოგადოების ფართო ფენებს, ამისგან ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.