“თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის საქმეზე ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი 5000-5000-ლარიან გირაოს გადაიხდიან.

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.

ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.