სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აპარატს გაცემული აქვს კონკრეტული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, დააკვირდებიან პროცესს და თუ ეს სერვისები არ იქნება მიწოდებული და ამის გამო დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა, შესაბამისი შეფასებას დადებს ომბუდსმენი.
ლომჯარიამ აღნიშნა, რომ არ იცის, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს ცენტრი „ემპათია“, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ სერვისების მიწოდება გორის ჰოსპიტალში შეუძლებელია, რადგან სახალხო დამცველის ოფისს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
„სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რეკომენდაციების წარდგენის დროს ითვალისწინებს სახალხო დამცველთან არსებული კომისიის შეფასებებს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლებელია არსებობდეს ალტერნატიული აზრი, რომელიც, ასევე, შესაძლებელია იყოს დასაბუთებული, თუმცა ჩვენ ვიყენებთ ჩვენს დასკვნებს და ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის დასკვნას, ან კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, ან რაღაც კონკურენტული დასკვნის მომზადება ხდება ჩვენი მხრიდან.
უბრალოდ რადგან სახალხო დამცველს აქვს თავისი კონსილიუმი, ჩვენ ვიყენებთ ამ კონსილიუმის მიერ მომზადებულ შეფასებებს. რაც შეეხება მკურნალობა არის თუ არა შესაძლებელი, ჩვენ ჯერ დავაკვირდებით პროცესს, იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს გაცემული კონკრეტული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, დავაკვირდებით პროცესს, თუ ეს სერვისები არ იქნება მიწოდებული და თუ მოხდა ისე, რომ პაციენტის მდგომარეობა სერვისების მიუწოდებლობის გამო დამძიმდა, შემდეგ უკვე გვექნება შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ რაც სჭირდება პატიმარსა და პაციენტს, ის სერვისები მას უნდა მიეწოდებოდეს.
მე არ ვიცი, რატომ და რაზე დაფუძნებით ამბობს „ემპათია“, რომ სერვისი არ შეიძლება მიეწოდოს პატიმარს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა მოხდეს თუ არ მოხდება შემდეგ გვექნება შესაბამისი შეფასება. შესაძლებელია მათ აქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც მათ აძლევთ იმის თქმით შესაძლებლობას, რომ ამ სერვისის მიწოდება შეუძლებელია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.