საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანაში კოვიდრეგულაციები დააწესოს, კიდევ ერთი წლით, 2023 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივა.
კანონპროექტი გამარტივებული სახით გავიდა კენჭისყრაზე და მას 77 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, პარლამენტი საქართველოს მთავრობას 2020 წლის ივლისიდან რეგულარულად ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ისეთი კონსტიტუციური უფლებები, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება, დააწესოს კომენდანტის საათი, აკრძალოს საქალაქთაშორისო მიმოსვლა და შეაჩეროს სხვადასხვა დაწესებულების მუშაობა.