ვერტყვიჭალაში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. არმატურის საამქროს სახურავის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები და ისინი ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის კლინიკებში გადაიყვანეს.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არცერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის.

"დროებითი ნაგებობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი დასაქმებული, რომელიც ადგილობრივი იყო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა", – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერტყვიჭალაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.