გიორგი გახარიას თქმით, პრეზიდენტის ინიციტივას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი

ყოფილი პრემიერი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ეროვნული თანხმობის შესახებ ყველამ უნდა შეუწყოს ხელი. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიყავს წინ.

ამიტომ, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველამ უნდა ვეცადოთ ქალბატონო პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს.

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტადაც, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ამის შემდეგ შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე დღეს მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს საქართველოში არ იქნება.

„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და ეს. თან ახლა განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.