მიხიელ სააკაშვილის ადვოკატი: ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოვითხოვთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ბასილაია განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება.

"მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მისი პოლიტიკურ მძევლობაში აყვანა მოხდა, პერმანენტულად ვითხოვდით სასამართლო პროცესების გამართვას, მაგრამ პროცესებს არ ნიშნავდნენ. შემდეგ, ჩანიშნულ სხდომებზე აღარ მოჰყავდათ, მისი ჯანმრთელობის დამძიმებას ელოდებოდნენ. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და ორჯერ დაესწრო სასამართლო განხილვებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მან დღეს პროცესზე დასწრება ვერ შეძლო", - განაცხადა ბასილაიამ.