ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის აქციის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ადგილობრივი ოპოზიციის მიერ გამართული „არასანქცირებული მიტინგისას“ მასობრივი არეულობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის და ქონების განადგურების ფაქტებზე.

რადიო თავისუფლების ცნობით, ამ შინაარსის ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. წერია ისიც, რომ ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულის ჩადენასთან კავშირის მქონე პირების დასადგენად.

21 დეკემბერს, სოხუმის ცენტრში ადგილობრივი ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი "აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან“ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ. ოპონენტები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის ხელისუფლებას ადანაშაულებენ ყველა სფეროში მწვავე კრიზისის შექმნაში, კორუფციასა და განუკითხაობაში.

აქციის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აღიარებენ პრობლემების არსებობას, მაგრამ მოუგვარებელ საკითხებს არ მიიჩნევენ „სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობის შერყევის საფუძვლად“. დე ფაქტო პრეზიდენტმა ოპონენტებს შესთავაზა სხვადასხვა საკითხზე ღია და კონსტრუქციული დიალოგი და განაცხადა, რომ "უკანონო, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს" აღკვეთდნენ.

21 დეკემბერს, გვიან ღამით, სოხუმში აქციის დასრულების შემდეგ, ასლან ბჟანიამ და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა ადგილობრივ სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადეს "მოვლენების ყველაზე ცუდი ვარიანტის აღკვეთისთვის".