ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიიდან აირჩიეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 14 ხმით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია. გაბათილდა ერთი ბიულეტენი, რადგან მასზე კანდიდატი შემოხაზული არ იყო.

მანამდე შოთა წურწუმიას 15-ივე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთხმად გამოუცხადა ღიად მხარდაჭერა. მათ შორის 7 წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ამდენივემ პარტიიდან “საქართველოსთვის” და ერთმა დეპუტატმა “ლელოდან”. ერთი ბიულეტენის გაფუჭების მიზეზად ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ შეეშალა.

სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ფარულ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრებმა, სულ 12-მა დეპუტატმა.

სხდომის დასაწყისში “ქართული ოცნების” წევრმა ჯანო პერტაიამ განაცხადა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას კენჭისყრაში და არც საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდა და დღეს “პოლიტიკური ქორწილი” იმართება. ჯანო პერტაიამ ასევე აღნიშნა, რომ ენანება ყოფილი თანაპარტიელი, ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი შოთა წურწუმია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” სათანამშრომლოდ.

ამასთან, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.