ენტონი ფაუჩი ორ ახალ კვლევაზე მიუთითებს, რომლებიც აჩვენებს, რომ კოროვირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე „დელტა“ შმატი. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი თვლის, ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რომ ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება.
ენტონი ფაუჩის თქმით, ამ თეორიაზე დაყრდნობა სახიფათოა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, პოზიციაა, რომ ვაქცინა სპეციალურად „ომიკრონის“ წინააღმდეგ ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზით აიცრან.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
.