ადვოკატი: 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მიერ დღეს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრებით, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს, 7 მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება.

ამასთან, ბასიალაია აცხადებს, რომ 7 ნოემბერს ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და რომ პოლიციელების მხრიდან ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა გადაცდომებს ადგილი.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მომიტინგეებს საკმაო დრო მიეცათ, საპოლიციო მოთხოვნა შეესრულებინათ. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო, ვნახეთ, რომ მხუთავი აირით დაზიანებულ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ასევე ვნახეთ საკმაოდ მძიმე კადრები, როცა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე და ეს არ ყოფილა პერმანენტული. მე არ მითქვამს, რომ აქციის დაშლის დროს ყველა ეპიზოდში იყო პროპორციული ძალა", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.