ჯარჯი წიკლაური: 7 ნოემბერს ჩადენილი უმძიმესი სისტემური დანაშაული დღეს ვიდეომტკიცებულებებით დადასტურდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვიდეოკადრების სახით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარადგინა.

როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, ეს კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება და საქართველოს მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს იყო ვიდეოკდარები და ამ კადრებით დასტურდება, რომ შვიდ ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამას ცდილობენ, წარმოაჩინონ, არამედ მძიმე კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება. საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქციები. ეს კადრები გამოვიკვლიეთ დღეს და როდესაც ბრალდების მხარე საქმის შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს, თუნდაც ამ ძალადობრივ კადრებზე. მან განაცხადა, რომ იგი არაფერ შუაშია, მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, რომ დილით მხოლოდ ტელევიზიით გავიგე აღნიშნული დარბევის შესახებო", - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.