საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ
საყოველთაო შერიგების საკითხი დროში გაწელილი პროცესია და არ უნდა არსებობდეს შეთანხმების დროის მოკლე პერიოდში მიღწევის მოლოდინი. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონიდან მიწვეულ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ „მიშელის დოკუმენტს“. ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, რომ გავიგოთ, რა იყო ამ წარსულში ისეთი რამეები, რომ გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. ეს რთულია. ეს არის პროცესი, რომელშიც საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ მართული პროცესი და როცა ვამბობ „საზოგადოებას“, ვგულისხმობ, რომ იმავე დონეზე უნდა იყვნენ რეგიონები ჩართული. იმისთვის, რომ გამჭვირვალობა ბოლომდე იყოს მიტანილი, ვაპირებ, რომ რეგიონში გავმართო შეხვედრები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების ცნობით.