ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მანამდე, როკის გვირაბთან ახლოს ზვავის ჩამოწოლას ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა.
21 დეკემბერს საღამოს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე როკის გვირაბთან ზვავში მოყვა. ყაზარმა როკის გვირაბთან ახლოს მდებარეობს. ცხინვალის საავადმყოფოში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე მოათავსეს, რომლებსაც ქვედა კიდურების მოყინვა აღენიშნებათ.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.