პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას უპასუხა.
მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გაჩერებული, რაც ორ პარტიას შორის შეუთანხმებლობის გამო მოხდა.
„რომ გამოვდიოდი, მითხრეს, რომ სოზარ სუბარს ჩაუტარებია ბრიფინგი. საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. თუ სოზარ სუბარს და ზოგადად, „ოცნების“ ლიდერშიფს რაიმეს თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად, მოსახლეობისთვის, ვურჩევდი, გამოვიდნენ და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს.
ეყოთ გამბედაობა, გამოვიდნენ და ახსნან ტრანსპორტის ტარიფი რატომ გაძვირდა. მერი გამოვიდეს, ამაზე ღიად ისაუბროს, უპასუხოს ჩვენი პარტიის წინადადებას, რომელიც ამ საკითხს ეხება! გახარიას კომპლექსისგან და ამ პარტიის კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბალანსის დაცვით, მოქმედებდნენ, არ შეიქმნას კრიზისი.
დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წყალობით, ძალიან ბევრი საკითხი მუნიციპალიტეტის დონეზეა გაჩერებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთ მაგიდასთან არ დასხდნენ. ბალანსის დაცვით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომისიების, მოადგილეების დაკომპლექტება, თანამდებობებზე დანიშვნა კონსენსუსის შედეგად და მოქალაქეთა ნების შესაბამისად მოხდეს “, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან.