საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის Facebook-ზე გავრცელებულ წერილში წერს, აუხსნან, „რას ედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება"“.
სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე მის მიმართ „ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ "პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე".
„7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.
ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავებიან.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.