დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს.
მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირბადის ტარების და აცრის მოცვის მაჩვენებელი არ გაიზრდება.
„ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის - პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე“, - განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
რაც შეეხება იმას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება იყოს შემოღებული საწყის ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, 23 დეკემბერს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორშაბთიდან ბუსტერ დოზის გაკეთების ინტერვალი ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ COVID19- ის ახალი შტამის ომიკრონის გამოჩენამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა „ბუსტერ“ დოზით აცრის აუცილებლობა.
23 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 428 334 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 267 354 ადამიანი. სრულად ვაქცინირებულია 1 104 100 ადამიანი - მოსახლეობის 38.5%.
„ბუსტერ“ დოზით აცრილია 55 811 ადამიანი. 22 დეკემბერს 12 351 აიცრა.