„დელტა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებულების დაახლოებით 70%-ზე ნაკლები საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დასკვნები იმედის მომცემია.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია. ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა კი 31-45%-ით უფრო ნაკლებია.
23 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან „ომიკრონით“ და „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევებს მოიცავს, (მათ შორის 132 ჰოსპიტალიზებული ადამიანის მონაცემებს), „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის რეზისტენტობა „ბუსტერ“ დოზით აცრიდან 10 კვირაში სუსტდება.
ჯანდაცვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სიმძიმის შემცირება გამოწვეულია ვირუსის ბიოლოგიური ცვლილებით და იმით, რომ სავარაუდოდ, „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევაში კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.