თბილისის მერის თქმით, ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, მგზავრობა იაფდება

კახა კალაძე აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა და შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაშია.

თბილისის მერის თქმით, ეს არის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რომელზეც მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო.

„ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს. ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი; შეიძლება, იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი აბონემენტი იქნება მისთვის მისაღები. გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ, არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება.