უეფა-ს წერილი საქართველოზე - ფეხბურთის განვითარების პროგრამამ შედეგები უკვე მოიტანა

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

მასალა, „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამას ეხება, რომელიც 2020-2024 წლების ციკლითაა გათვალისწინებული. „ჰეტ-ტრიკი“ ფეხბურთის განვითარების პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მოპოვებული შემოსავლის ნაწილს თავის წევრ ასოციაციებს ურიცხავს.

„2014 წელს უეფა-ს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ საპილოტე ასოციაციას - სომხეთს, ბელარუსს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ეხმარება. უეფა-ს დახმარებით ამ ოთხ ქვეყანაში ეროვნული აკადემიების სტრუქტურა ჩამოყალიბდა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და ფეხბურთისა და განათლების ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებაზე. კონკრეტული პროგრამები მორგებული იქნა თითოეული ასოციაციის საჭიროებებზე. ისინი მოიცავენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას, ფიზიკურ, ტაქტიკურ და დიეტოლოგიურ სისტემებს, ისევე როგორც ფეხბურთელთა განვითარებაზე მიმართულ სამოქმედო გეგმას“, - ნათქვამია უეფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

უეფა-ს ვებგვერდზე საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამის ძირითადი ფაქტებია დასახელებული. როგორც განცხადებაში წერია რეგიონალურ აკადემიებში 14 და 15 წლამდე ასაკის ფეხბურთელები ვარჯიშობენ. ამჟამად კი ქვეყნის მასშტაბით, სფფ-ს ოთხი აკადემია მოქმედებს.

„რეგიონალური ცენტრებიდან ხდება ფეხბურთელების შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებისთვის. 16 წლამდე ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ფედერაციას ეხმარება სკაუტების ფართო ქსელი. პირველ ეტაპზე ხდება 20-დღიანი შეკრებისთვის 60-მდე ფეხბურთელის შერჩევა. 60 ფეხბურთელიდან რუსთავის აკადემიაში ყოველწლიურად გადადის 22 უნიჭიერესი ჭაბუკი. მათ საშუალება ეძლევათ, უმაღლესი დონის საფეხბურთო განათლება მიიღონ. ფეხბურთელები 1-3 წლის მანძილზე ცხოვრობენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათთვის უზრუნველყოფილია ვარჯიში, საჯარო სკოლაში განათლების მიღება, კვება, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარებაც. რუსთავის აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ, 17 წლამდე და უფროს ფეხბურთელებს შეეძლებათ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებსა და პროფესიულ დონეზე თამაში. აკადემიების დაფინანსებას უზრუნველყოფენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უეფას მიერ გამოყოფილი თანხებით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სფფ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაში აშენებს ახალ ობიექტებს“, - წერია წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ პროგრამამ შედეგები უკვე გამოიღო და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლები გაცილებით უკეთესად ჩაატარა.

"საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ ტურნირამდე. 2020 წლის ნოემბერში გუნდი ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - კიდევ ერთ ქვეყანასთან, რომელიც ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამით სარგებლობს. საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებები2019/20 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში გავიდნენ“.

საქართველოში უეფას პროგრამების ხელმძღვანელი ჟან-ფრანსუა დომერგი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტები წარმატებით მიმდინარეობს, მათი განხორციელებით უეფა სწორ გზაზე დგას და ოთხივე ასოციაციამ ყველა კომპონენტში წინსვლას მიაღწია.

სფფ-ის გენერალური მდივნის დავით მუჯირის თქმით, „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებსა და განხორციელებულ პროექტებს საქართველოსთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ქვეყანაში იყო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისთვის აქვს დასახული. „ჰეტ-ტრიკის“ ბოლო ციკლის საინვესტიციო პროექტის კომპონენტით ჩვენ გავხსენით რუსთავის ტექნიკური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცენტრალური აკადემიის ადგილსამყოფელს. საქართველოში ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვესაჭიროება მსგავსი ინფრასტრუქტურა. „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მსგავსი პროექტები ყოველწლიურად განვახორციელოთ და ხელი შევუწყოთ ქალთა ფეხბურთის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მწვრთნელთა განათლების მიმართულებების განვითარებას“, - აცხადებს ის.

ცნობისთვის, სფფ-ის სტრუქტურაში რამდენიმე აკადემია, რუსთავში, ლაგოდეხში, ზუგდიდსა და (რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ რუხის აკადემიაში გადაინაცვლებს), გვიმბალაურში (გურია) მოქმედებს, ქუთაისსა და სოფელ რუხში მშენებლობის სტადიაშია.