სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლიზ ტრასს ტელეფონით ესაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიაზე კოორდინირებული, მტკიცე პასუხის შესახებ ისაუბრეს.
მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტრასი შეთანხმდნენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რათა რუსეთის ქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, NATO-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას, ბლინკენმა და სტოლტენბერგმა რუსეთის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი მიდგომა განიხილეს და აღნიშნეს, რომ NATO მზადაა, რუსეთთან შინაარსიანი დიალოგისთვის, მაგრამ იმავდროულად მოკავშირეების გვერდით დგას.