უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან, რათა აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ვითარება განეხილა, უკრაინის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერების ფონზე.

„სამხედრო ძალების გაძლიერებამ ახალი საფრთხეები და უკრაინაში შეჭრის შიში შექმნა. უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების აუცილებლობას.

ევროკავშირი მჭიდროდ კოორდინაციას ახორციელებს ტრანსატლანტიკურ და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოდგენილი ორი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე“, - აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.