აშშ რუსეთს არამხოლოდ სანქციებით უპასუხებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა. კომენტარები აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახელით ვრცელდება.
„ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე ხარჯები, რაც დააზარალებს რუსულ ეკონომიკას და მოიტანს ზუსტად იმას, რაც მათ არ სურთ – NATO-ს მეტ შესაძლებლობებს რუსეთის სიახლოვეს და არა შორს“, - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.