აშშ-სთან თანამშრომლობით მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც მძღოლებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის საშიშროებების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო სოციალური რეკლამის წარდგინებაში, რომელიც მძღოლებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის საშიშროებების შესახებ აფრთხილებს.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიდეორგოლები, რომელიც ტელევიზიებსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსდება, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსა და შსს-ს საპატრულო პოლიციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

ელჩმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიმდინარე ძალისხმევას, დაეხმაროს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს იმ კანონების აღსრულებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ალკოჰოლური თრობით გამოწვეული ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.

„ალკოჰოლისა თუ სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა და სიცოცხლის დაკარგვის ამ მიზეზით გამოწვეული ტრაგედია 100%-ით თავიდან აცილებადია. ალკოჰოლური თრობის ქვეშ საჭის მართვა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც შეიძლება ახლდეს ჯარიმა, დაპატიმრება, კერძო საკუთრების დაზიანება და მძღოლისა თუ სხვათა სიკვდილი. გასული ხუთი წლის განმავლობაში ალკოჰოლური თრობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოში 68 ადამიანი დაიღუპა და 1 138 დაშავდა.

ამ დღესასწაულებზე, გთხოვთ გაითვალისრინოთ, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ არანაირი მიზეზით არ მართოთ ავტომობილი. თუ გზაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს შეხვდებით, დაუკავშირდით სამართალდამცავებს. თქვენმა საქციელმა, შესაძლოა, სიცოცხლე გადაარჩინოს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.