სოხუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლ. ა-მ, რომელიც გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა ახალი კორონავირუსისგან, სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე ფეისბუკზე ამ დაავადების შესახებ დაწერა. მის პოსტს "აფსადგილ. ინფო" ავრცელებს.
"მოქალაქეებო, თავს გაუფრთხილდით. ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა მისი, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი", - მოსახლეობას აფხაზურად მიმართავს გარდაცვალებამდე პედაგოგი.
ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერირორიაზე გადმოიყვანეს და ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა.
სკოლაში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლად მუშაობდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. 50 მოსწავლეს კი ცხელება აღენიშნება.
გარდაცვლილს, როგორ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. მასთან ერთად კი, აფხაზეთიდან კიდევ 3 პაციენტი გადმოიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.
ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3695 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა ჯამში 1534 პირი, 20 კი გარდაიცვალა.