სამხრეთ აფრიკის მთავარი მეცნიერი: „ომიკრონის“ გავრცელების ტალღა იმავე სისწრაფით სუსტდება, როგორც გაიზარდა

სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონის“ გავრცელების ტალღა იმავე სისწრაფით მცირდება, როგორც გაიზარდა. სამხრეთ აფრიკის მთავარმა მეცნიერმა, რომელიც პანდემიაზე რეაგირების საკითხს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევების გავრცელების პიკი სწრაფად გადაილახა.

„თუ წინა ვარიანტები იწვევდნენ კილიმანჯაროს ფორმის ტალღებს, „ომიკრონის“ ტალღები უფრო ჰგავს ევერესტის ჩრდილოეთ ნაწილს”, - განაცხადა სალიმ აბდულ კარიმმა ინტერვიუში.

ის მიუთითებს ინფექციების თითქმის ვერტიკალურ ზრდაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში პირველი კვირების განმავლობაში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, „დელტა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებულების დაახლოებით 70%-ზე ნაკლები საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დასკვნები იმედის მომცემია.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია. ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა კი 31-45%-ით უფრო ნაკლებია.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.