აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით საკრებულოს აპარატს დღეს მიმართა. ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუნდში რჩება და თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოში მისი მოადგილე შეასრულებს. ლევან მაკალათია გუნდში დაპირისპირებაზე ინფორმაციას ამას უარყოფს.
„გიდასტურებთ, რომ დავტოვე თანამდებობა, მიზეზი არაფერია, უბრალოდ ამოვწურე მუშაობა აბაშაში. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და ამის შემდეგ დავტოვე თანამდებობა. ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი, შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იყო რთული არჩევნები, „დავალაგეთ“ საკრებულოები. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩემს მოვალეობას მოადგილე შეასრულებს.
მე ვიყავი ყოველთვის "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცი და ვრჩები რიგით ჯარისკაცად" , - განცხადა ლევან მაკალათიამ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით.
გარდა ამისა, ზუგდიდის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, ხელმძღვანელი პირები ვერც ამჯერად აირჩიეს.
„ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, ისინი მომდევნო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებენ.
„დღევანდელ სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი, უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. შემდეგ იცით, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით უქმეებია და სხდომა გადაიდო 12 იანვრამდე. ისევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, ეს კრიზისი აღმოიფხვრება საკრებულოში“ - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.
პარტია „გახარია- საქართველოსთვის" წარმომადგენლები სხდომების გადადებას მმართველ პარტიას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებენ.
"ეს არის ორივე პარტიის უპასუხისმგებლობა. არცერთ პარტიას არ აინტერესებს კრიზისიდან გამოსავალი. ვიმედოვნებ, რომ ორივე პარტია გონს მოეგება.
წინა საკრებულოს სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატი, მხოლოდ ერთი მოტივით, რომ კრიზისი დაიძლიოს მუნიციპალიტეტში. დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" ნებაა, დაუჭერენ თუ არა მხარს", - განაცხადა გიგა ფარულავამ.