საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანია ENKA-ს და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
ელჩი საუბრობს იმ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით იყო. მისი თქმით, გარემოსდაცვითი ლოზუნგების მიღმა ანტი-თურქული პროპაგანდა და „ფეიქ ნიუსები“ იდგა.
“მინდა მოგახსენოთ, რომ ENKA და საქართველოს მთავრობა საუბრობენ და მათი მხრივ, მე ვერ ვისაუბრებ. საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული თურქული ინვესტიციები განხორციელდა.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ შესაძლებელია მეტი ინვესტიციის შემოსვლა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასეც იქნება. ამ მიმართულებით დივერსიფიკაცია არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ქარის სადგურებსაც შეეხება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეტ ასეთ პროექტს ვიხილავთ.
რაც შეეხება „ნამახვანის“ ეპიზოდს, მე აქამდეც ვთქვი მედიასთან და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ ამ პროცესის დროს, ვიხილეთ ანტი-თურქული პროპაგანდა, რომელიც შეფარული და დამალული იყო გარემოსდაცვითი პროპაგანდის უკან. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ზოგიერთი ქართული პროგრესული სატელევიზიო არხიც, რომელთაც თავად თურქეთის საწინააღმდეგო შეხედულებები არ აქვთ.
მთლიანად მწვანეთა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგი იყო ბოროტად გამოყენებული მათ მიერ, ვისაც არ სურს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება. შესაბამისად, ყველა ამ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ყველამ აქედან უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს კომპანიას და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ეს მათი საქმეა, თუმცა ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია „ფეიქ ნიუსის“ და პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა.
თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს იყო მითი, რომ ქუთაისს ცუნამი დაატყდებოდა, თუკი ნამახვანი აშენდებოდა“, - ამბობს თურქეთის ელჩი bm.ge-ს ცნპობით.
ვარლამ გოლეთიანი: თუ ნამახვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება