ბელარუსმა რადიო „თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ბელარუსის ხელისუფლებამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსიელებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას ონლაინ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გაგრძელებას,“- ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რადიო თავისუფლების ერთი თვის წინ დაკავებული ჟურნალისტის ანდრეი კუზნეჩიკის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებს უკავშირდება კუზნეჩიკის წინააღმდეგ აღძრული საქმე.