საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დაგეგმილ ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს

ირანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯის გამო საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დღეისთვის დაგეგმილ ევროპა-ირანის ონლაინ ბიზნეს ფორუმს, ბოიკოტი გამოუცხადეს.

მედიის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორებმა ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საპასუხოდ, ირანმა საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელიც პოპულარულ ანტისამთავრობო ვებგვერდ Amad News-ს ხელმძღვანელობდა, შაბათს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.