ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უვადო "მწვანე პასპორტის“ საკითხზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს

მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მედიას განუცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და მათ შორის ვაქცინაციის ნაწილს. ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული, თუმცა, მე არაერთხელ აღვნიშნე და და ახლაც აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია, ვფოკუსირდეთ 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული, რომ მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს გადაცილებულების 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მოსახლეობის 60% ვერ აიცრა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება ექსპერტებთან ერთად მსჯელობა, რადგან საკითხი მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და არა დამნაშავის ძიება.

„ამ ეტაპისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ შედეგი დაიდოს და არ ვეძიოთ დამნაშავე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის უვადობის თემას, ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს.

„ის გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მისცემენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მე ჩართული ვიქნები, როგორც ექსპერტი, ექსპერტების ჯგუფთან ერთად ერთობლივად მივიღებ გადაწყვეტილებას და გავცემ რეკომენდაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.