იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შემოღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება ყოველდღიურად „ომიკრონოს“ შტამის ფართოდ გავრცელების შემდეგ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ეს შტამი დომინანტური იანვრის შუა რიცხვებში გახდება.
ამ თემაზე ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ისაუბრა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ორ თვეზე მეტია, რაც ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია, რაც ახლა ფიქსირდება. მეხუთე ტალღა ქვემოთ ჩამოდის.
„თუ ომიკრონმა გამოიწვია ისეთი მატება, როგორც დანიაში მოხდა, (12-15 ათასი შემთხვევა დღის განმავლობაში), შეზღუდვების დაწესება აუცილებლად უნდა იყოს განხილული. 6200 შემთხვევა გვქონდა პიკის დროს და ის სერიოზულად პრობლემას ქმნიდა ქვეყნისთვის... ის რომ, ეს წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული, ცხადია, რადგან ყველა ქვეყანა აფიქსირებს ძალიან სწრაფ და ძალიან მაღალი პიკს, რომელსაც რამდენიმე კვირაში მიაღწიეს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ყველა ქვეყანას შესაძლოა, თავისი სპეციფიკა ჰქონდეს, სამხრეთ აფრიკა, აშშ, დანია და დიდი ბრიტანეთი შემთხვევების ძალიან რადიკალურ მატებას აფიქსიერებენ, თუ ასეთი დაფიქსირდა ჩვენთანაც, არ ვიცი, რა სიძლიერის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს, მაგრამ დღის წესრიგში რაღაც ცვილება აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას.