„წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე“, - საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებით ნამოხვანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.
„ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს. მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში რამდენიმე თვის წინ მომხდარი დაპირისპირების გამო შვიდ პირს ორი დღის წინ 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.