მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ შტამს ამ ეტაპზე მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს.
ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს.
ამ დროისთვის, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა.51 ინფიცირებულიდან 5, 18 წლამდე ასაკისაა.
„მათგან ერთია სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ მედიას.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 881 863, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.