ლონდა თოლორაია: ასეთი მეთოდებით არცერთი სამსახური არ გაუქმებულა

საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის 2021 წლის 25 დეკემბერს მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.

„კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მისი შემუშავების შესახებ უცნობი იყო როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სფეროს სხვა სპეციალისტებისთვის.

კანონპროექტის დაინიცირების დრო და მისი დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო, მათ შორის საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოში არყოფნისა და პირადად ჩემი, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. აღნიშნული მაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ჩემი უწყების ინტერესების დაცვა გამიჭირდებოდა. თუმცა, მე აქ ვარ და გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს ამ სამსახურის ხელშეუხებლობისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა – შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება – გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, სამსახურის მუშაობას მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები.

„სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ:

ჯერ კიდევ 2019 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონი, რომელიც ორ წელზე მეტია, განხილვის მოლოდინშია;

2021 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ მოისმინა;

2021 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა. პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი.

მსურს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას შევახსენო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 2019 წლიდან სწორედ პარლამენტის მიერ დაეკისრა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. მათ შორის, იმ დეპუტატების მონაწილეობით, რომლებიც არიან ამჟამინდელი კანონპროექტის ავტორები“განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის თავმოყრა იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვას. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ამითი სრულდება არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის შესახებ.

ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საქართველოს პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია არ ჩათვალა წონიან არგუმენტად. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა. პროექტის ინიცირებამდე საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, შექმნა თუ არა რაიმე პრობლემა ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს“, – ნათქვამია ლონდა თოლორაიას განცხადებაში.