ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმართება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა. მარგველაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სატელევიზიო მედიაში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტების შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათი განმარტებით, მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ აქვს.

მანამდე, 20 დეკემბერს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ცნობილია, ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში, ზურაბიშვილი რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სხვა აქტორებს ხვდება.

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„თავის მხრივ, სააკაშვილი, რომელიც „შერიგების“ იდეით გამოვიდა, მიესალმა დიალოგის პროცესის წამოწყებას.

„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა „ინკლუზიურ პროცესებზე“, ეს პრაქტიკულად განხორციელდება“, - აღნიშნავდა სააკაშვილი.

ასევე წაიკითხეთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია