რა პრინციპით შეირჩა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.
ლევან დავითაშვილის თქმით, არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყოს და აქ მნიშვნელოვანია მართვის კარგი უნარები და გამოცდილება.
„ჯანდაცვის მინისტრი გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია, რომელსაც როგორც კერძო სექტორში მუშაობის, ისე საჯარო სექტორში მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის ბოლო პერიოდში იყო მინისტრის მოადგილე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი აქვს.
დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი ძალიან ფართოა, ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს - ბევრ ქვეყანაში შრომის საკითხები საერთოდ ცალკეა ხოლმე. არსებობს სოციალური, დევნილთა საკითხები და ა.შ. ჯამში, ეს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედია, შესაბამისად, მას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა სჭირდება.
როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყოს, აქ მნიშვნელოვანია რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.
ამავე თემაზე: