მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო არალეგალური საყოფაცხოვრებო მაინინგი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგომომარაგება უწყვეტად ხორციელდებოდეს. გარკვეულ გამოწვევებს ეს პროცესი აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში. ხშირია მაღალი მოხმარება და გადატვირთვა ხაზების, ამის გამო მომატებულია ავარიების რისკი. ნუ დაგვავიქწყდება, რომ მესტია არის განსაკუთრებულად მიმზიდველი ზამთრის კურორტი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ახალი საბაგიროები ავამოქმედეთ. აქედან გამომდინარე, იყო გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ, რომ არის არალეგალური საყოფაცხოვრებო მაინინგის პრობლემა, რითაც მოსახლეობის ნაწილი არის დაკავებული, რაც განაპირობებს ზედმეტ დაწოლას ხაზებზე.
მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რაც პრაქტიკულად არალეგალურიც არის და ხაზებსაც აზიანებს. ამიტომ ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე, მესტიის მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა. მერიის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.
„2021 წელს, ენერგეტიკულ პროექტებს ბევრი გამოწვევა ახლდა თან, თუმცა იყო ბევრი წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროეექტებისთვის. დღეს გამოვტანეთ ქარის 50 მეგავატიანი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდება. ჯერჯერობით ამ ეტაპზე იწყება შესწავლა, არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს.
კვლევაზე გაფორმდა მემორანდუმი, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დაახლოებით 70 მლნ დოლარის ინვესტიცია - ქარის პროექტი, მწვანე პროექტი და საკმაოდ მიმზიდველი.
მაინინგის გამო, 24 დეკემბრიდან მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას.