ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების გაერთიანების გადაწყვეტილება თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და დაკავშირებული იყო გუნდის ყოფილ ლიდერთან.
ამასთან, მდინარაძის თქმით, საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის.
„ყველაზე ლეგიტიმურია კითხვა – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან, ან სადმე, მსოფლიოში არის თუ არა ერთად? – არა. გეთანხმებით იმაში, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან.
როცა საკითხი დადგა, გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, შესაძლებელია თუ არა, ერთად იყოს ეს ორი ფუნქცია, თავსებადია თუ არა, და მსოფლიოში არ არის პრეცედენტი იმის, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძოები ფუნქციას ითავსებდეს. რამდენად სუსტდება ინსტიტუტი და მისი ფუნქციები – პირიქით, ძლიერდება. საგამოძიებო ფუნქცია ძლიერდება და არაერთი მუხლი ემატება. შესაბამისად, გაყოფით და არა გაუქმებით, ორი უწყების ჩამოყალიბებით ხდება გაძლიერება. მოვისმინე,თითქოს, ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ამ უწყებაში ვინც მუშაობს, უმუშევარი ხდება, ეს არის არასწორი.
ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ, როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რაიმე ასეთ ჩარევაზე. ყალიბდება ორი სამსახური, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს არა კადრების შემცირება, არამედ პირიქით – დამატება. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები საკუთარ სამსახურს შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.
ამავე თემაზე:
სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო