სამხრეთ აფრიკის მონაცემები მიუთითებს, რომ ყველა სხვა ტალღასთან შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია ინფექციის გავრცელების ზრდა, ძალიან სწრაფად შემცირდა ტალღა, რაც რა თქმა უნდა კარგია, თუმცა რამდენად შეიძლება, ეს გაიგივდეს პანდემიის დასასრულთან, რთული სათქმელია. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ისაუბრა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ორ თვეზე მეტია, რაც ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია, რაც ახლა ფიქსირდება. მეხუთე ტალღა ქვემოთ ჩამოდის.
„ძალიან საყურადღებოა, რომ თუ „ომიკრონი“ საბოლოო ჯამში შეფასდება როგორც ნაკლები ხანგრძლივობის, შესაბამისად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ნაკლები ზემოქმედების მქონე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ანალოგიური შედეგები იყოს ნაჩვენები დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. თუ ევროპის ქვეყნებშიც ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდა, ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, ვინაიდან საქართველოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ მეხუთე ტალღის არსებობა, არამედ, გახანგრძლივება მეხუთე ტალღის, რომელიც ორიტვე გაგრძელდა.
თუ ჩვენ ვნახავთ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ხანგრძლივობა 7-10 დღეა, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის, სტაციონალური საწოლების პრობლემის რისკი და ასე შემდეგ, მინიმალური იქნება. ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაველოდოთ დანიის და დიიდ ბრიტანეთის მონაცემებს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
ამავე თემაზე:
„ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად სჭირდებათ - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება