ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალი აღიარა

თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეზე დაკავებული ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"მე თავს ვცნობ დამნაშავედ, ოღონდ ნაწილობრივ. ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად", - თქვა ალეკო ჭელიძემ.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

"ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. გაუგებარიც არის და აბსურდულიც... მე დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე", - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.